უკრაინის პროკურატურა აპირებს ნადეჟდა სავჩენკოს დაკავებას
უკრაინის გენერალური პროკურატურა პარლამენტის დეპუტატს, ნადეჟდა სავჩენკოს ადანაშაულებს ტერაქტის მომზადებაში. გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, გამოძიებას აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ნადეჟდა სავჩენკო პირადად გეგმავდა და პირადად ქირაობდა პირებს იმისთვის, რომ უკრაინის პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოეწყოთ ტერაქტი, ნაღმმტყორცნებით დაენგრიათ რადის შენობის გუმბათი და ავტომატებით მოეკლათ ცოცხლად გადარჩენილები. ლუცენკოს თქმით, უახლოეს ხანში მიმართავს პარლამენტს სავჩენკოსთვის დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმების და მისი დაპატიმრების თხოვნით. 15 მარტს, სავჩენკო დასაკითხად გამოცხადდა უკრაინის უშიშროების სამსახურში. დაკითხვა უკავშირდება ორგანიზაციის, „ოფიცერთა კორპუსის“ ხელმძღვანელის ვლადიმირ რუბანის საქმეს. რუბანი, რომელიც 8 მარტს დააკავეს, ეჭვმიტანილია კიევში ტერაქტების და სახელმწიფოს პირველ პირებზე თავდასხმების მოზადებაში.