ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა ქვეყნის აღმოსავლეთში
ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა ქვეყნის აღმოსავლეთში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან შეტაკებისას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 12 მარტის განცხადების თანახმად, წუხელ სეპარატისტებმა რამდენჯერმე დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. იუწყებიან, რომ მოწინააღმდეგე ყუმბარსატყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ინტენსიურ ცეცხლს უშენდა უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს. 2014 წლის აპრილიდან, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში დონბასელმა სეპარატისტებმა შეიარაღებული ამბოხი წამოიწყეს, 10 300 კაცი დაიღუპა ორმხრივ საბრძოლო შეტაკებებში. მხარეებმა ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. სულ ბოლო ზავი ამოქმედდა 5 მარტს, მაგრამ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში დონბასელმა სეპარატისტებმა რამდენჯერმე დაარღვიეს შეთანხმება.