დონალდ ტრამპი „კოლოსალურ წარმატებას“ უწინასწარმეტყველებს მოლაპარაკებას ჩრდილოეთ კორეასთან
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსალოდნელი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან „კოლოსალურ წარმატებას“ მოიტანს. აშშ-ის ლიდერის თანახმად, ფხენიანმა უარი თქვა საკონტინეტთაშორისო რაკეტების გამოცდის ჩატარებაზე სავარაუდოდ მაისამდე, როდესაც ორმხრივი შეხვედრა გაიმართება. „ვფიქრობ ჩრდილოეთ კორეა სწორად იქცევა, დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ კოლოსალურ წარმატებას, რადგან ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 10 მართს ჟურნალისტებთან საუბარში. აშშ-ისა და ჩრდილეოთ კორეის ლიდერების შეხვედრის ინიციატორია სამხრეთ კორეა. 8 მარტს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჩონ ი იენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა მიწვევა მიიღო და მზად არის მოლაპარაკება მაისში გაიმართოს. მისივე ინფორმაციით, კიმ ჩენი ინი თანახმაა შეაჩეროს ყველა ბირთვული და სარაკეტო გამოცდა. თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო კიმ ჩენ ინის მიწვევა და მოლაპარაკების დრო და ადგილი მოგვიანებით შეთანხმდება.