დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს
მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდა. პროკურატურის წარმომადგენლები უკვე ორი საათია, სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში იმყოფებიან. დაკითხვას ბრალდებულის ადვოკატებიც ესწრებიან.
„მამა გიორგი მამალაძე მზად არის დაკითხვისთვის. პროკურატურის ამოცანა თუ ის იქნება, რომ 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაულები მამა გიორგი მამალაძედან გახსნას, ის ფიზიკურად ვერ უპასუხებს. საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე ის მზად არის, ამომწურავი პასუხი გასცეს,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.
მედიასთან კომენტარი დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმაც გააკეთა.
„დასვან რამდენი კითხვაც უნდათ, მაგრამ მამა გიორგიმ ერთხელ უკვე გასცა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი. დანარჩენი საზოგადოებრივი, ცხოვრებისეული კითხვები თუ ექნებათ, დასვან და ვისაუბრებთ,“ - განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.