დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ბინძური რუსული ძალა - ზაზა ბიბილაშვილი
"რუსული საბჭოთა პროპაგანდის ცნობილი მეთოდია, რომ დააბრალო სხვას ის რასაც თავად აკეთებ," - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა ბიბილაშვილმა, სახელისუფლებო გუნდის მიერ გამოთქმული იმ ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ბათუმში განვითარებული მოვლენების უკან სწორედ ენმ-ის წევრები იდგნენ.
ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ "დღეს ხელისუფლებაში არის ბინძური რუსული ძალა, რომელიც ცდილობს, პროვოკაციები პოლიტიკურ ოპონენტებს გადააბრალოს".
ბიბილაშვილის თქმით, ალბათობა იმის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა 11 მარტს მომხდარი არეულობა გამოიძიოს, დაბალია, რადგან, მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც იდგნენ ვანდალიზმის უკან, წლების განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთად მოქმედებდნენ.
„დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ბინძური რუსული ძალა. რუსული საბჭოთა პროპაგანდის ცნობილი მეთოდია, რომ დააბრალო სხვას ის, რასაც თავად აკეთებს. მე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას ვთხოვო, დავფიქრდეთ, ერთ ბრალდება მაინც, რომლიც ხელისუფლებამ გააჟღერა ოდესმე, თუ გამართლებულა. ისინი ჩვენ გვაბრალებდნენ საბურავების შეძენას, ტერაქტის მოწყობას, პორტატული აპარატებით ადამიანების მოსმენას, რუსთავი2-ში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას და ა.შ. ყველაფერი ეს პირველი დღიდან, მოსვლის დღიდან, ბედუკაძიდან დაწყებული არის მათი გაკეთებული. უაღრესად დაბალია იმის ალბათობა, რომ ამ შემთხვევაში გამოიძებენ,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ორი დღის წინ ბათუმის ქუჩებში მომხდარ არეულობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ ევროპული საქართველოს წევრებიც. პარტიაში ვარაუდობენ, რომ დაპირისპირება ხელისუფლების ძალოვან უწყებებს შორის შიდა დაპირისპირებას მოჰყვა.