ეჭვები მაქვს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები რაღაცისთვის ემზადებიან - პაატა დავითაია
ბათუმში ორი დღის წინ მომხდარ არეულობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.
პაატა დავითაია მომხდარში რუსული სპეცსამსახურების ხელსაც ხედავს. დავითაია ამბობს, რომ დაგვიანებული რეაგირების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობიდან გადადგეს.
„ის უნდა გადადგეს იმიტომ, რომ მას, როგორც პრემიერ-მინისტრს, უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, რა ხდება, რატომ მივიდა მოსახლეობა ამ მდგომარეობამდე, რატომ ხდება დაპირისპირება ძალოვან სტრუქტურებში და როგორ ხდება ამის გამოყენება. ამიტომ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდ აიღოს. რეალურად ჩანს, რომ, ეტყობა, ძალოვან სტრუქტურებში ან სხვაგან არიან რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის აგენტები. მე არ გამოვრიცხავ, ეს იყოს რეპეტიცია დიდი მოვლენების წინ იმიტომ, რომ წლების განმავლობაში აქციაზე ერთ მინა არ დამსხვრეულა და უცებ ხდება ასეთი რაღაცეები და ეჭვები მაქვს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები რაღაცისთვის ემზადებიან,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.
სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ ახალი მემარჯვენეებიც.
"ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს იმ ბუნებრივ პროცესზე, რომელიც შუადღისას დაიწყო ბათუმის ქუჩებში და, სადაც გარკვეული როლი მიუძღვის პატრულის ხისტ მოქმედებას. თუმცა, კანონს რომ დაცვა უნდა, გასაგებია, მაგრამ დაცვის ფორმებიც არსებობს დამდგარი და დაყენებული. არ მივიდოდა დილის 5 -6 საათამდე განვითარებულ მოვლენებამდე პროცესები, რომ ყოფილიყო დროული რეაგირება,“ - აცხადებს მამუკა კაციტაძე.