ბათუმში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას - ლევან ვარშალომიძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ვარშალომიძე, ბათუმში განვითარებულ მოვლენებე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.
„ბათუმში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ კარგად იცის, რომ ეს სპონტანური აქცია არ გამოწვეულა და არ გამოუწვევია საპატრულო პოლიციის მიერ იმ კონკრეტულ დღეს დაწერილ ჯარიმას, ეს ჯარიმა იყო ბოლო წვეთი იმ უსამართლობისა, ნეპოტიზმისა, კორუფციისა და მძიმე სოციალური ფონისა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში დაგროვდა ჩვენს რეგიონში და მთლიანად საქართველოში,“ - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
მისი აზრით, ბათუმში ღამით განვითარებული მოვლენები, პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესებში შედიოდა. ლევან ვარშალომიძე განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს თავის დროზე უნდა შეესრულებინა დაპირება და 6 ადამიანი გაეთავისუფლებინა, ამის ნაცვლად კი პოლიციამ ხალხს სპეციალური დანიშნულების რაზმი დაუპირისპირა.
„ამის შემდეგ აქციაზე გამოჩნდა ჯგუფი, სუს-ის მიერ მართული, რასაც შემდგომში მოჰყვა ის ვანდალური ფაქტები, რაც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია,“ - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ მოიქცა და ვანდალური ქმედებები დროულად არ აღკვეთა.