ორი დღის წინ მომხდარი არეულობის შემდეგ ბათუმში კვლავ შსს-ს ქვედანაყოფებია მობილიზებული
ორი დღის წინ განვითარებული მოვლენების გამო, ბათუმში ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. ორი დღის წინ მომხდარი ძალადობის შემდეგ ქალაქში სიმშვიდეა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზებული დანაყოფები და საპატრულო პოლიციის 24 საათიან რეიდს ახორციელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორი დღის წინ განვითარებული მოვლენების გამო, ბათუმში სამართალდამცველები სხვადასხვა რეგიონებიდან იმყოფებიან.
რაც შეეხება აქციაზე დაკავებულებს, 40 ადამიანიდან 7-ის გარდა, ყველა ხელწერილით გათავისუფლდა. თუმცა, ადმინისტრაციული წარმოება მაინც გრძელდება და ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან. როგორც დაკავებულთა უფლებადამცველი განმარტავს, არ არის გამორიცხული, დაკავებული პირებისადმი წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდეს და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
„ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლო ვერ ჩაეტია 12-საათიან ვადაში, ამიტომ მოხდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების გათავისუფლება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქმის წარმოება შეწყდა. საქმის წარმოება უნდა განახლდეს სამი დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთხმად ადმინისტრაციული წესით ყველა დაკავებულს სახდელი შეუფარდა 5-დღიანი პატიმრობა, რაც ვარაუდის საფუძველს მაძლევს, რომ მიზნად ისახავს ეს დაკავება, რომ აპირებენ გამოძიების დაწყებას,“ - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება ქალაქში არსებულ ვითარებას, ამ დრომდე უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. ზარალს ბათუმის მერიის წარმომადგენლები უკვე ორი დღეა, ითვლიან. მერიის ინფორმაციით, დაკარგულია 25 დეკორატიული ღობე. ამ დროისთვის მოხდა დაზიანებული ქვაფენილის და შუქნიშნების აღდგენა, თუმცა არ არის გამორიცხული, ბათუმის მერიას ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით ტენდერის გამოცხადება მოუხდეს.
მომხდარის გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები.