კორექტივები საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის გეგმაში - გადაცემები ფილტრს გაივლის
საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის გეგმაში კორექტივები შევიდა. დღეს არხის ახალი ხელმძღვანელი უკვე აცხადებდა, რომ მისი გეგმის დამტკიცების შემთხვევაში ყველა გადაცემა კი არ დაიხურება, არამედ ფილტრს გაივლის. ეს სიახლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სადაც მესამე სექტორს არაერთი კითხვა ჰქონდა ტელევიზიის მენეჯმენტთან.
დღეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ კიდევ ერთი სიახლე დააანონსა. 2019 წელს ის ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან გადადგომას გეგმავს.
კიდევ ერთი საკითხი, რასაც სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა კრიტიკა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პარლამენტის სხდომების ტრანსლაციას ეხება. მაღლაფერიძის თქმით, მსგავსი ვალდებულება არხს აღარ აქვს.
პარლამენტის სხდომების ტრანსლაციის გარდა, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი ეჭვობს, რომ მაღლაფერიძის რეფორმამ შესაძლოა, არხის დახურვა გამოიწვიოს. ამ ფონზე მაუწყებლის ვებგვერდზე მეორე დღეა მიმდინარეობს გამოკითხვა, უნდა არსებობდეს, თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი. იზრდება არხის დახურვის მსურველთა რაოდენობა და ის 27 პროცენტია. დღეს ტელევიზიის ხელმძღვანელობამ გამოკითხვის იდეის ავტორი ვერ მოძებნა.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი, თამთა ჯიქია.