თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ - მერიის შიდა აუდიტის სკანდალური დოკუმენტი
თბილისის ყოფილ მთავარ არქიტექტორს შესაძლოა პროკურატურაში მოუწიოს სიარული. 18 ნოემბერს მომზადებული სკანდალური დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა, ყოფილი ჩინოვნიკის პასუხისმგებლობის მიზეზი გახდეს, დღეს გასაჯაროვდა.
მერიის შიდა აუდიტმა შესწავლის შედეგად დასკვნა, რომ დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურმა ცინცაძის 85-ში დაგეგმილ მშენებლობაზე ნებართვა უკანონოდ გასცა.
დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა სამშენებლო კოეფიციენტები დაარღვია. მრავალსართულიანი კორპუსი მხოლოდ 6 სართულიანად, დანარჩენი სართულები სარდაფებად დაარეგისტრირა. შედეგად თბილისის ბიუჯეტს ნახევარმილიონიანი ზარალი მიადგა. გადაწყვეტილება დედაქალაქის მაშინდელმა მთავარმა არქიტექტორმა დიმიტრი მოსულიშვილმა მიიღო.
მერიის აუდიტის სამსახურში ადასტურებენ, რომ მშენებლობის ნებართვა კანონით დადგენილი ნორმების დარღვევით გაიცა. სავარაუდო დანაშაულის დადგენის მიუხედავად, არაოფიციალური ინფორმაციით, აუდიტის სამსახური დოკუმენტის გასაჯაროებას არ გეგმავდა, ვიდრე დასკვნა საკრებულოს დეპუტატმა არ გამოითხოვა.
სავარაუდო კანონდარღვევის შესახებ საუბარი არ სურს ბრალდებების მთავარ ადრესატს. დედაქალაქის ყოფილი მთავარი არქიტექტორი აცხადებს, რომ მას არ ახსოვს რა გადაწყვეტილება მიიღო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.
აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნა უახლოეს მომავალში საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნება. საქალაქო სასამართლო კი თებერვალში ცინცაძის 85 ნომრის მაცხოვრებლების ერთობლივ სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ადგილობრივები ამ ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ.
ავტორები: ეკო მაღრაძე, ტატო კახიძე.