პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ზოგადი განათლების შესახებ" კანონპროექტი განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვდნენ. შეხვედრისას 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადაცემული „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს.
შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს წუხილი, რომ პროექტი მოიცავს მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც ზოგადი ხასიათისაა და დაკონკრეტების პროცესში შეიძლება მიიღოს დისკრიმინაციული ხასიათი.
განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების რეფორმის ხედვა, გაიზიარა პრეზიდენტის შეხედულებები და აღნიშნა, რომ რეფორმის შემდეგ ეტაპზე ყველა ხსენებული დებულება დაკონკრეტდება სწორედ ხარისხიანი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი ხელს აწერს ამ კანონპროექტს და ყურადღებით მიადევნებს თვალს რეფორმის განხორციელების შემდეგ ეტაპებს.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს პარლამენტმა ეს კანოპროექტი მიიღო დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით ოთხ დღეში.
ავტორი: ანა წერეთელი.