არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს დამატებით კიდევ ერთ დღეს აძლევს
2 საათიანი კონსულტაციები ინტერპარტიულ ჯგუფში დასრულებულია - ახალი მემარჯვენეების ლიდერმა ჯგუფის წევრებს პრემიერთან შეხვედრის დეტალები გააცნო. ცნობილია, რომ შეთანხმება მთავრობასთან ოთხი ძირითადი საკითხიდან სამზე მოხდა.
ეს უკავშირდება ბარიერს და ასევე საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებას. კონსენსუსი ისევ არ არის მიღწეული მაჟორიტარული სისტემის გაუქმების და არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.
ერთ დღეს დამატებით ვადას აძლევს არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს. როგორც ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ამბობენ, ეს თავად პრემიერმინისტრმა მოითხოვა, პარტია ქართული ოცნება ხვალ უნდა შეიკრიბოს და სწორედ ყრილობაზე მიიღოს გადაწყვეტილება თუ რა სახის დათმობებზე წასასვლელად არიან მზად ისინი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მიუხედავად მიღწეული გარკვეული შეთანხმებისა, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად საარჩევნო სისტემის ცვლილება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება რჩება.
ხელისუფლების მიერ ხვალ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინტერპარტიული ჯგუფი კვლავ შეიკრიბება და სამომავლო გეგმებზე ამის შემდეგ შეთანხმდება.