დაპირისპირება პარლამენტში მოსმენების კანონის შესახებ
"კომპარტიის ცეკას მდივნები და ნორჩი ლენინელები", - სწორედ ეს შეფასებები ისმოდა ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში, მაშინ, როდესაც მოსმენების შესახებ კანონს იხილავდნენ კანონმდებლები.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საპარლამენტო უმცირესობის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები. საპარლამენტო უმცირესობა ამბობს, რომ ეს ცვლილებები მოსმენების კანონში ფასადურია და არანაირ მაკონტროლებელ ფუნქციას არ იძენს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი აცხადებენ, რომ კანონის გამკაცრება ხელს შეუწყობს იმას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შეზღუდვა მოხდება.
"დღეს ჩვენ ვართ შემსწრე პირადი ცხოვრების ხელმყოფი კიბერდანაშაულების, რომლის სავარაუდო მასშტაბებზე და მიზანზე წარმოდგენაც კი არ გვაქვს. წინა ხელისუფლების პირობებში შექმნილი ინდივიდის გამანადგურებელი ინდუსტრია ჩვენ თვალწინ ძალებს იკრებს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში", - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კორძაიამ.
პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ჩიორა თაქათაქიშვილის თქმით, რესპუბლიკური პარტია ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას.
"რესპუბლიკურ პარტიას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ისინი არიან თანამონაწილეები პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანების დაშანტაჟების, ისინი არიან თანამონაწილეები ადამიანების ტერორის და მორალური მკვლელობის, რომლის მომსწრე ჩვენ საქართველოში გავხდით ბოლო რამდენიმე კვირის, თვეების განმავლობაში. რესპუბლიკური პარტია ნამდვილად ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რომელსაც ის დღეს ატარებს", - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
ავტორი: ნატა მახვილაძე