„ოპოზიციამ ანერვიულა მოსახლეობა,"-ზურაბ ტყემალაძე "გაზპრომთან" გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრობს
გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საქართველო სომხეთზე გატარებული გაზისთვის ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს, განცხადებები კეთდება პარლამენტში. უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე განმარტავს, რომ საზოგადოებაში არსებული ვნებათაღელვა გაზპრომის საკითხზე ოპოზიციის მიერ იყო პროვოცირებული.
„ოპოზიციამ ანერვიულა მოსახლეობა იმიტომ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს, არასდროს არ უთქვამს და არ გამოუთქვამს ეჭვი ამასთან დაკავშირებით. იგი ყოველთვის საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნა რუსული მხარიდან იყო ასეთი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ დარჩეს ძველი მოდელი. ბატონი კახის სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად გაართვეს მოლაპარაკებებს თავი,“-აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
ამავე ტემაზე ისაუბრა დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა, რომლის თქმითაც საქართველოს ხელისუფლება გეგმავდა დათანხმებულიყო რუსეთის შანტაჟს.
„რუსეთის მხრიდან იყო სრულიად აშკარად გამოხატული შანტაჟი, სამწუხაროდ ხელისუფლება მთლიანად დაეთანხმა რუსეთის პოზიციას და პირიქით ქართველ ხალხს უმტკიცებდა, რონ სხვა ალტერნატიული საშუალება ჩვენ გარდა გაზპრომისა არ გვაქვს, აღმოჩნდა, რომ ასეთი შესაძლებლობები არსებობს, დღეს მიმაჩნია, რომ ეს უკან დახევა რუსეთის პირდაპირ არის დაკავშირებული ქართულ საზოგადოებასთან,“-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.