"ჩანაწერების შინაარსს აბსოლუტურად ვადასტურებ,"-გიგა ბოკერია ფარულ ჩანაწერზე საუბრობს
ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგა ბოკერიამ ცოტა ხნის წინ მასსა და სააკაშვილს შორის არსებული საუბრის ფარულ ჩანაწერზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ადასტურებს საუბრის შინაარსს.
„პირველ რიგში, რაც დადასტურა ამ გამოქვეყნებით, არის ის, რომ გვისმენენ მასობრივად და მერე უტიფრად, თავხედურად დებენ ამ ყველაფერს. კერძოდ, ნიკა გვარამიას შემთხვევაში ვიცით, რომ კონკრეტულ მუქარას ჰქონდა ადგილი მთავრობისგან გამოგზავნილი შიკრიკის ხრიდან. მე არ მახსოვს ყველა საუბარი ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ ის პოზიცია, რასაც ჩვენ ვაფიქსირებთ საუბრისას, არის ჩვენი საჯარო პოზიცია აქამდეც, ეხლაც და ხვალაც. ჩვენთვის არის წითელი ხაზი რუსთავი 2-ის ჩახშობის მცდელობა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ივანიშვილის რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს წინასწარ მოსუფთავება ველის 2016 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, იმიტომ რომ, მინიმალურად დემოკრატიულ ვითარებაშიც კი ვერ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ამიტომ წინასწარ იღებს ამ ზომებს და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ესე უბრალოდ გადავაბაროთ საზოგადოების თავისუფალი ნება მას. თავდასხმის შემთხვევას, არათუ არ გამოვრიცხავთ, არამედ ყველამ ვიცით, რომ იმ ატმოსფეროს პირობებში, რომელიც არის ქვეყანაში, ნებისმიერი სცენარი სამწუხაროდ ივანიშვილის რეჟიმისგან მოსალოდნელია. ჩვენი ამოცანაა, რომ ვითარება შევინარჩუნოთ კონსტიტუციურ ფარგლებში და 2016 წლის არჩევნებში დემოკრატიული არჩევნებით გავაძევოთ ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ეს არ მოხდება იმის ფასად, რომ ჩვენ არ გავუწიოთ წინააღმდეგობა რუსთავი 2-ის ძალადობრივად აღების მცდელობას. ჩანაწერების შინაარსს აბსოლუტურად ვადასტურებ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.