"ნატო-ს სასწავლო ცენტრი რუსეთს დისკომფორტს შეუქმნის"-თორნიკე შარაშენიძე
ექსპერტების შეფასებით ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა თბილისში არა მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების გარანტიებია ქვეყნისთვის, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების კუთხითაც.
„ეს არის პირველი ნატო-ს ცენტრი, რომელიც მისი ტერიტორიის გარეთ არის განთავსებული. თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო ძალების ამაღლებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა,“-აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრი დავით სიხარულიძე.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე კი განმარტავს, რომ ასეთი საწვრთნელი ბაზის მშენებლობა რუსეთს დისკომფორტს შეუქმნის და ის საქართველოს უსაფრთხოების თვასლაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
„არ უნდა გვეშინოდეს, რომ ბაზის გახსნა საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ ისედაც გვიდგას რუსი ოკუპანტი, რაც უფრო სუსტები ვიქნებით და უფრო დაშლილები ვიქნებით, შორს ვიქნებით და იზოლირებულები ვიქნებით, მით უფრო იოლი იქნება მათთვის, რომ შემოვიდნენ თბილისში. რაც უფრო მეტი გარანტია გვექნება მხარდაჭერის მით უფრო მეტი დისკომფორტი ექნებათ მათ და უფრო დაფიქრდებიან, რომ აგრესია არ განახორციელონ,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.