კლანი საკონსტიტუციოში და არაკვალიფიციური კადრები უზენაესში - TI-ს კვლევა სასამართლოზე
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა სასამართლო სისტემის სრულყოფილად და საფუძვლიანად რეფორმირების პოლიტიკური ნება. ორგანიზაცია კვლევას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ განხორციელებულმა რეფორმებმა არ მოიცვა ის ფუნდამენტური საკითხები, რაც საბოლოოდ, უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
სასამართლო სისტემაზე წლების მანძილზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ დროთა განმავლობაში უარი თქვა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნის იდეაზე. "სასამართლოს ადმინისტრირება დღესდღეობით სრულად გავლენიან მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის ხელშია, მოსამართლეთა ამ ჯგუფს დღეს ე.წ. კლანის სახელით მოიხსენიებენ";
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის საბოლოო შედეგმა აჩვენა, რომ ხელისუფლების მიზანი უზენაესი სასამართლოს კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება არ ყოფილა... უზენაესი სასამართლო ძირითადად არა კონკურსში მონაწილე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებით, არამედ ხელისუფლების მიერ წინასწარ ლობირებული კადრებით დაკომპლექტდა".
"კლანური მმართველობის გავლენა გასცდა საერთო სასამართლოების სისტემის ფარგლებს და საკონსტიტუციო სასამართლოშიც გადაინაცვლა... საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობისა და სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ერთგული კადრებით დაკომპლექტებამ მნიშვნელოვნად დააზიანა სასამართლოს ავტორიტეტი და შეამცირა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობა".
კვლევა, გამოვლენილ პოზიტიურ ცვლილებებს შორის, სხვადასხვა პროცედურულ დეტალებს გამოყოფს და ყურადღებას ამახვილებს ბოლო 4 წლის განმავლობაში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილებაზე.