მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მერის პასუხისმგებლობას აყენებენ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში, 1 ოქტომბრის სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მერისა და გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
დღეს დილიდან, მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის ნათესავები ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტში მივიდნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწელეები რამდენიმე საათი იმყოფებოდნენ მერთან შეხვედრაზე და მოთხოვნის შესრულებამდე მისი კაბინეტის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ:
„ვითხოვთ მერის და გეოლოგიური სამსახურის უფროსის გადადგომას და დასჯას. მათი უპასუხისმგებლობის გამო დატრიალდა ტრაგედია. ამათი უპასუხისმგებლობის გამო დაიღუპა ჩემი ოჯახი. ახლა გვეუბნება, გამოძიება მიმდინარეობსო. არავინ არაფერს არ გამოიძიებს. ასეთი საქმეებია გამოუძიებელი? არის წლობით შემოდებული თაროებზე"- ამბობს, ერთ-ერთ დაღუპულის დედა ლიანა თედორაძე.
თედორაძეების ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ სოფელ ჯოჭოში ტრაგედია ხელვაჩაურის მერისა და გეოლოგიური სამსახურის დაუდევრობამ გამოიწვია. მათივე თქმით, სოფელში სპეციალისტების მიერ ჩატარებული გეოლოგიური კვლევა ზედაპირული იყო და ტერიტორია სიღრმისეულად არ შესწავლიალა.
თავის მხრივ, ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ შეხვედრისას უარყო, რომ დაღუპული ოჯახის წვერებმა, სტიქიურ მოვლენებამდე რამდენჯერმე ოფიციალურად მიმართეს მუნიციპალიტეტს, სოფელში გეოლოგიური კვლევების ჩატარების მოთხოვნით. მისივე თქმით, მსგავსი დოკუმენტი მუნიციპალიტეტში არ არსებობს.
ხელვაჩაურის მერმა, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მუნიციპალიტეტის შენობა დატოვა, რასაც ხმაური მოჰყვა. თედორაძეების ოჯახის წევრები, მერის ავტომობილს გადაუდგნენ და მისი შეჩერება სცადეს, თუმცა ვარდმანიძემ ხმაურის ფონზე აქციის მონაწილეებს თავი მაინც დააღწია.
ტრაგედია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 1 ოქტომბერს ღამით მოხდა. სოფელ ჟოჭოში ჩამოწოლილმა მეწყერმა 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.