დმიტრი მედვედევმა „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“ დაასახელა – „მტრის ჯარი, სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ტექნიკა“
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა უკრაინასთან ომში „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“ დაასახელა და განაცხადა, რომ ამ სიაში შედის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები (ხიდები, სატრანსპორტო სადგურები, გზები, ენერგეტიკული ობიექტები, ქარხნები).
„რა უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად დღეს? ომის დასახელებული წესების ფარგლებში ესენია:
მტრის ნებისმიერი ჯარი (კანონიერი მებრძოლები და არალეგალური მებრძოლები), რომლებიც ოფიციალურად არ არის გაყვანილი მისი შეიარაღებული ძალებიდან;
მტრის ნებისმიერი სამხედრო და დამხმარე ტექნიკა;
სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ობიექტი, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს სამხედრო მიზნების მიღწევას – ხიდები, სატრანსპორტო სადგურები, გზები, ენერგეტიკული ობიექტები, ქარხნები და სახელოსნოები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც ასრულებს სამხედრო შეკვეთებს და ა.შ;
მტრის ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა;
სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალები, რომლებიც ოფიციალურად შევიდნენ ომში, რომლებიც არიან მტრის ქვეყნის მოკავშირეები“, – განაცხადა მედვედევმა.