მედია: უკრაინისთვის აზერბაიჯანის მიერ გენერატორების გადაცემას მოსკოვი აპროტესტებს
უკრაინისთვის აზერბაიჯანის მიერ ტრანსფორმატორების და გენერატორების ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაცემა რუსეთის გაოცებას იწვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„ბაქოს ეს გადაწყვეტილება გაოცებას იწვევს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ანადგურებენ, რომელსაც კიევის რეჟიმი სამხედრო მიზნებში იყენებს. რაც შეეხება აზერბაიჯანის მიერ მიწოდებულ ტვირთებს, ეს ვერც სიტუაციას შეცვლის პრინციპულად და არც ჰუმანიტარული დახმარება არ არის“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
10 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდებისთვის აზერბაიჯანულმა მხარემ უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა, რომელიც, ძირითადად, ელექტროდანადგარებისგან შედგება“. მასში 45 ტრანსფორმატორი და 50 გენერატორი შედის და დანადგარების ფასი 800 ათას აშშ დოლარს აღემატება.
მანამდე უკრაინისთვის გენერატორების მიწოდების გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მთავრობამაც განაცხადა.