როგორ შევაყვაროთ ბავშვებს სკოლაში სიარული
სკოლაში სიარული ზოგჯერ დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ეს ბავშვებისთვის კომპლექსური პროცესია, რაც სწავლას, სოციუმთან გამკლავებას და სხვა მნიშვნელოვან პროცესებს მოიცავს. ისინი ხშირად ზეწოლას განიცდიან, რადგან მასწავლებლები თუ მშობლები არასწორ მიდგომას იჩენენ და ზედმეტად ბევრს ითხოვენ. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ბავშვების მისამართით უშვებენ, ეს მათი სხვებთან შედარებაა, განსაკუთრებით, როცა საქმე სკოლაში მიღებულ შეფასებებს ან სხვა აკადემიურ მოსწრებებს ეხება.
ყველა ადამიანი ბავშვობიდანვე ინდივიდუალურად ყალიბდება, ყველას განსხვავებული უნარები აქვს, ამიტომ, უმთავრესად, შვილს უნდა დაეხმაროთ, იპოვოს თავისი გზა და ის სფერო, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს. მას უფრო დიდი სურათი უნდა დაანახოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლაში სიარული ან სწავლა მხოლოდ მაღალი ქულების მისაღებად კი არა, თვითრეალიზებისა და განათლებისთვის არის აუცილებელი, რაც შემდგომში კარგი მომავლის შექმნას განაპირობებს.
დააფასეთ ბავშვის ყველა პროგრესული ნაბიჯი. უთხარით, რომ ამაყობთ და ბედნიერი ხართ მისი არსებობით და რაც მთავარია, ჩაუნერგეთ რწმენა საკუთარი თავის მიმართ. ისეთი არაჯანსაღი ფრაზები, როგორიცაა “უფრო მაღალი ქულა რატომ არ მიიღე?”, “შენგან არაფერი გამოვა”, “რატომ ხარ ასეთი უმადური” და სხვა მრავალი, რომელიც, ალბათ, ხშირად გსმენიათ, სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებს ბავშვს, რამაც სამომავლოდ, თუ იგი ემოციური და მგრძნობიარეა, შესაძლოა, თვითშეფასების დავარდნა და თავდაჯერებულობის პრობლემები გამოიწვიოს. რაც მიზეზი ხდება შფოთვის, სტრესის, დეპრესიის და სხვა მენტალური დაავადებების.
სკოლა უნდა იყოს ისეთი ადგილი, სადაც ბავშვი ისწავლის საკუთარი ოცნებებისთვის და მომავლისთვის ბრძოლას და არა ისეთი, სადაც მას ამ სურვილებს წაართმევენ. ამიტომ ასწავლეთ თქვენს შვილებს საკუთარი თავი დაიცვან გარშემომყოფების მხრიდან ემოციური ძალადობისგან, მიეცით მათ შეცდომების დაშვების უფლება და უთხარით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რასაც საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა ის, რას ამბობენ სხვები.
ნუ დააძალებთ, სკოლიდან მოსვლისთანავე დაიწყოს მეცადინეობა. მიეცით შესვენების დრო, წაახალისეთ მათი შედეგები. 90 წუთის განმავლობაში სწავლა და 10-15 წუთი შესვენება კარგი მეთოდია, გონების განტვირთვისა და პროდუქტიულობის შენარჩუნებისთვის. იყავით მათ გვერდით, თუმცა ამავდროულად არასოდეს შეზღუდოთ მათი პირადი სივრცე და ინტერესები.
წყარო/ფოტო: Child Mind