ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე: მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ!
“მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ!” – ამბობს დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
“სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არის? ვინ მოწამლა? გაჩერდი, ერთი! მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ! ვისაც გინდა, იმას ვეტყვი!” – მიმართა ჯაფარიძემ სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატს, პაატა მანჯგალაძეს პარლამენტში. ვიდეოს ფორმულა ავრცელებს.
როგორც ტაბულასთან პაატა მანჯგალაძე ამბობს, ჯაფარიძესთან საუბარი უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე დაიწყო, შემდეგ კი ჯაფარიძემ მას ჰკითხა, თუ რატომ იცავდა მიხეილ სააკაშვილს. მანჯგალაძის სიტყვებით, ჯაფარიძეს უთხრა, რომ მასაც დაიცავდა, სააკაშვილის ადგილას რომ ყოფილიყო. საპასუხოდ, დეპუტატმა ექსპრეზიდენტზე თქვა – “მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში”.
ექიმების, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.