“ის წავიდა”, – შერი საყვარელ დედას ემშვიდობება
ჯორჯია ჰოლტი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამერიკელმა მომღერალმა სამწუხარო ინფორმაცია ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა. სამი თვის წინ პოპვარსკვლავმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯორჯია ჰოსპიტალიზებური იყო, პნევმონიის მძიმე ფორმის გამო.
People-თან საუბარში შერი ყვება, რომ 2020 წელს ძალიან ფრთხილობდა და კოვიდტესტებს მუდმივად იტარებდა, რათა დედამისი საფრთხისგან დაეცვა. მომღერალს თავადაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მას ასთმა აწუხებს.
თავად ჯორჯია ჰოლტი მომღერალი, მოდელი და მსახიობი იყო, რომელიც 1926 წელს არკანზასში დაიბადა. 1950-იან წლებში, როცა იგი საცხოვრებლად ლოს ანჟელესში გადავიდა, სატელევიზიო როლები მიიღო და ფილმებში თამაში დაიწყო.
“მას არასოდეს მოუცია რჩევა ჩემთვის ან ჩემი დისთვის, რადგან იცოდა, რომ არ გავითვალისწინებდით. ნაცვლად ამისა, გვიყვებოდა თავის ცხოვრებაზე, რა შეცდომები დაუშვა, რა გააკეთა სწორად და ჩვენც გულმოდგინედ ვუსმენდით”, – ამბობს შერი დედამისის შესახებ.
წყარო/ფოტო: People