აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ახალი ადამიანი
მთავარი მიზეზი, რატომაც ხშირად ვკარგავთ მიმართულებას, არის ის, რომ არ ვართ გულწრფელები საკუთარი თავის მიმართ. ვერ ვიგებთ ცხოვრება საკუთარი თავის შექმნაა თუ მისი პოვნა. სინამდვილეში, პოვნის გზა, სწორედ რომ, შექმნაშია. უნდა გადაწყვიტოთ ვინ ხართ და რა არის თქვენი მთავარი მამოძრავებელი მოტივი, რისთვის გსურთ, იყოთ ბედნიერი.
გადააფასეთ პრიორიტეტები. შეცდომებს ვუშვებთ მაშინ, როცა ვცდილობთ ერთდროულად რამდენიმე საქმე ვაკეთოთ და ბევრი რამ ავიღოთ საკუთარ თავზე. ეს არასწორი მიდგომაა. სიცოცხლეს ვერ შეიგრძნობთ, თუ მუდამ იჩქარებთ და რაღაცას მხოლოდ იმიტომ წამოიწყებთ, რომ იგი დაასრულოთ. აირჩიეთ ერთი ძირითადი მიმართულება და იმუშავეთ მის განვითარებაზე. თუ გაქვთ უნარი რამდენიმე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული აქტივობით ერთდოულად დაკავდეთ, ეს უნიკალურია, თუმცა მიმართულებაზე ორიენტირებაში უფრო ის იგულისხმება, რომ გააცნობიეროთ, რა გსურთ უმთავრესად ცხოვრებაში.
თუ ხედავთ, რომ თავს კარგად არ გრძნობთ გარემოში, სადაც იმყოფებით, შეცვალეთ ეს გარემო. ყვავილს ნუ დაადანაშაულებთ იმაში, რომ გვალვაში ვერ ხარობს. გარემო და ენერგია, რომელშიც ადამიანი იმყოფება, ძალიან დიდ გავლენას ახდენს მასზე. რამდენად ძლიერებიც არ უნდა ვიყოთ, დიდი ხნის განმავლობაში ცუდ გარემოში დარჩენა, აუცილებლად იმოქმედებს ჩვენს ხასიათზე, ჩვევებსა და განწყობაზე, ეს კი საბოლოოდ, ცხოვრების ხარისხს აქვეითებს.
ნუ იქნებით ძალიან მკაცრები საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ მოითხოვეთ უფრო მეტი. აღნიშნეთ თქვენი თითოეული პროგრესი, თუმცა არ დაკმაყოფილდეთ ამით, იარეთ მუდამ წინ და არასოდეს გაიხედოთ უკან. შეცდომები, რომელიც დაუშვით, წარსულში დარჩა და ნუ მისცემთ მათ თქვენი დევნის საშუალებას.
იმისათვის, რომ საკუთარ თავში ახალი პიროვნება აღმოაჩინოთ, არასოდეს უნდა შეწყვიტოთ ძიება. ამას კი შრომა, დისციპლინა და რწმენა სჭირდება, რომ სამყარო არასოდეს დაგვტოვებს მარტო.
წყარო/ფოტო: Medium