ირაკლი კობახიძე: არ არის ეგ მარტივი კითხვა …
არ არის ეგ მარტივი კითხვა, – ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კითხვას, არის თუ არა რუსეთი უკრაინისა და საქართველოს საერთო მტერი.
კობახიძე აცხადებს, რომ “მტერს აქვს სხვადასხვა გაგება”.
“ჩვენი პოზიცია ყველაფერთან დაკავშირებით არის ნათელი, ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა პლატფორმაზე ყველანაირი ფორმით იქნა გამოხატული, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ამასთან ერთად მეორე ნაწილში გვაქვს ერთი რადიკალური განსხვავება რადიკალურ ოპოზიციასთან, კასიანოვთან და სხვებთან, რომ მეორე ნაწილში, სადაც ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ეს ომი ბოლომდე უნდა გახდეს საქართველოს ომიც, ვერ ვთანხმდებით ამაში, ჩვენ და ხოშტარია, ჩვენ და კასიანოვი.
არ არის ეგ მარტივი კითხვა. ანალიზია მთავარი. როცა რაღაცას ამბობ, უნდა დააკონკრეტო, რას გულისხმობ ამაში, მაგალითად, რომ დავუშვათ, რომ ყველაფერი არის ასე გასაზომი თითო ტერმინით, მაშინ მეორე ფრონტიც უნდა გავხსნათ საქართველოში – რატომ არ ხსნი კაცო, მტერი თუ არის, იმას ეომები. ხომ ხვდებით, რას ვამბობ? – მტერს აქვს სხვადასხვა გაგება და თქვენ მეკითხებით ცალსახად რაღაცას. მეტრის ერთი გაგება არის, რომ ვიღაცას ეომები, მეორე გაგებაა, რომ გაქვს ორგანული დაპირისპირება, მესამე გაგება არის რაღაც კიდევ და ა.შ. მე ამ ანალიზში შემოვდივარ და თქვენ მეუბნებით, მტერი არის თუ არ არის, მოყვარეა, მეგობარია თუ ბიძაშვილია. არ არის მარტივი კითხვა, რადგან არის რაღაც მარტივი კლიშეები, შაბლონები, ტერმინები, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საქართველოს მიყვანას მეორე ფრონტამდე, ამიტომ არ არის მარტივი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვუპასუხოთ რაღაცებს არა მარტივი პასუხებით და ტერმინებით, არამედ ანალიზით. იმიტომ, რომ მარტივია ისეთი კითხვების დასმა, რაც შენ არასწორი პასუხის შემთხვევაში მიგიყვანს მეორე ფრონტამდე,”- განაცხადა კობახიძემ.
დამატებით კითხვაზე, რატომ ვერ ამბობს,საქართველოს მტერია თუ არა რუსეთი, პასუხობს -” რატომ არ ვისვრით ახლა?”.
“რატომ არ ვისვრით ახლა? – მარტივი კითხვა ეს იმიტომ არ არის, რომ მტერს აქვს ბევრი გაგება და არიან საქართველოში პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ ჩვენ საქართველოში გვქონდეს სრულფასოვანი მტრობა, რაშიც იგულისხმება საომარ კონფლიქტში შესვლა”, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ მტერს არა, რას უწოდებს რუსეთს, კობახიძე პასუხობს, რომ რაღაცებზე ერთი სიტყვით პასუხის გაცემა არასწორია.
“მე არ მითქვამს, რომ რაღაცას ვუწოდებ და არც ის, რომ რაღაცას არ ვუწოდებ, ერთი სიტყვით რაღაცებზე პასუხის გაცემა არასწორია, მით უმეტეს, როცა ასეთი რიტორიკის უკან დგას კონკრეტული ინტერესი, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი”,- განაცხადა კობახიძემ.