მედია: მღვდელს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობდა, უკრაინაში 12 წელი მიუსაჯეს
უკრაინის სასამართლომ ქალაქ ლისიჩანსკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის რუსულ ჯარს უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებისა და ლისიჩანსკის მოსახლეობის შესახებ ინფორმაციას გადასცემდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
მღვდელი რამდენიმე თვის წინ იყო დაკავებული, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება ახლა მიიღო. უკრაინული სპეცსამსახურების ინფორმაციით, მღვდელი რუსული სპეცსამსახურების მიერ ჯერ კიდევ 2014 წელს იყო გადაბირებული და მას შემდეგ ლუგანსკელ სეპარატისტებთან მუდმივ კავშირზე იყო. ჩხრეკის დროს მას და რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შორის მიმოწერა იყო აღმოჩენილი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის უშიშროებამ ლუგანსკის ოლქში კიდევ ერთი მღვდლის ვინაობა დაადგინა, რომელიც რუსულ ძალებს ინფორმაციას ნებაყოფლობით გადასცემდა. სპეცსამსახურის ცნობით, მისი დახმარებით ორი ადამიანი იყო გატაცებული, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდნენ. ამ მღვდელთმსახურზე ძებნაა გამოცხადებული.
კიევმა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთის აგრესიის მხარდაჭერაში. მოსკოვის საპატრიარქოს წინააღმდეგ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს პერსონალური სანქციები მოქმედებს, ხოლო კიევ-პეჩორის ლავრაში რამდენიმე დღის წინ ჩხრეკა ჩატარდა.