ბადრი ჯაფარიძე: კობახიძემ და პაპუაშვილმა თავიანთი განცხადებებით უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობა კონფრონტაციის ახალ ეტაპზე აიყვანეს
ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა თავიანთი განცხადებებით უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობა კონფრონტაციის ახალ ეტაპზე აიყვანეს – ცხადია, ეს სიამოვნებს ერთადერთ მხარეს და ეს არის საქართველოსა და უკრაინის მიმართ მტრულად განწყობილი ძალა, პუტინის რუსეთი ,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „380 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, თუ არ წავა უკრაინის ქალაქ ბუჩაში „ქართული ოცნება“ ყველა შემთხვევაში წავა საპარლამენტო ოპოზიციის დელეგაცია.
მისივე თქმით, დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება თუ არა პარლამენტის სპიკერი მისთვის „მნიშვნელობა აღარ აქვს“.
„სპიკერმა და მისმა თანაპარტიელმა კობახიძემ ქვეყანას თავი მოჭრეს და რა თქმა უნდა, თავის პარტიასაც. „ქართული ოცნების“ თავმოჭრილი პარტია ნაკლებად მაღელვებს, რადგან ეს უკვე თავისთავად ფაქტია, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ქვეყანას ჭრიან თავს, რადგან ისინი წარმოადგენენ დღეს მმართველ პარტიას, ეს მგონი, საზოგადოებისთვის უკვე ნათელია. შეცდომა, რომელიც დაუშვა ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ეს მმართველი პარტია ხელისუფლებაში დარჩა, ახლა ამის შედეგებს ვიმკით. ამიტომ არის აუცილებელი, რომ ისინი სასწრაფოდ გავუშვათ ხელისუფლებიდან . იმ შემთხვევაში, თუკი ეს ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება ქვეყანას მხოლოდ ზიანი ადგება“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, ბუჩაში წამსვლელი დელეგაციის შემადგენლობის შესახებ „მოგვიანებით გახდება ცნობილი“.
„კობახიძისგან გიკვირთ ასეთი განცხადებები? ეს არის კაცი, რომელსაც არ რცხვენია, მაგალითად, შარლ მიშელის დოკუმენტზე თქვა, რომ სულ არ გვაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდება თუ არა ამ ხელშეკრულებასო და თავისი განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ ყელმოღერებულმა თქვა, რომ გამოვდივართ შარლ მიშელის დოკუმენტიდან, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდაო. ასეთი კაცისგან გიკვირთ ნებისმიერი განცხადება? მისი პირი აბსოლუტურად ყველაფერს იტყვის. მისთვის არ არსებობს მორალური ზღვარი, რაიმე შეზღუდვა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.