ივანიშვილის "ქართუ ბანკისგან" ნასესხები მილიონი - ოპოზიცია საარჩევნო სუბიექტების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე საუბრობს
მილიონი ლარი ქართულმა ოცნებამ ბანკი ქართუსგან 14 სექტემბერს მიიღო. სესხი 11 პროცენტში გაიცა და პოლიტიკურმა პარტიამ ის 4 თვეში უნდა დაფაროს.
ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ბანკისთვის ფულის დაბრუნებას მას შემდეგ აპირებს, რაც არჩევნებში 10 პროცენტზე მეტს აიღებს და ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონი ლარითვე დაფინანსდება. ბანკში უზრუნველსაყოფად სწორედ ესაა მითითებული.
კომერციული ბანკებიდან ოპოზიციური პარტიების ნაწილს სესხის აღების მცდელობა რამდენჯერმე ქონდათ, თუმცა როგორც თვითონ ამბობენ, სხვადასხვა მიზეზით უარი მიიღეს. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ბანკიდან, მის მიერვე დაფუძნებლ პარტიას აფინანსებს, მათი აზრით, საარჩევნო სუბიექტებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
სესხის შესახებ ინფორმაციის გარდა, აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა სხვა დოკუმენტაციაც. ირკვევა, რომ 31 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე მმართველმა პარტიამ კიდევ 6 მილიონ 400 ათას ლარიანი შემოსავალი მიიღო.
ექსპერტები თვლიან, რომ ქართული ოცნებისთვის ქართუდან სესხის გაცემა, ივანიშვილის მიერ საარჩევნო შემოწირულობების ლიმიტისთვის თავის არიდებას უკავშირდება. კანონით, პოლიტიკური პარტიისთვის ფიზიკურ პირს მხოლოდ 60 000, იურიდიულს კი 120 000 ლარის გადარიცხვა შეუძლია.
ავტორი თეონა ცხომელიძე
