"თავისუფალი დემოკრატები" ლევან კობიაშვილის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვენ
თავისუფალი დემოკრატები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აპროტესტებენ.
პარტიის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ამირან გიგუაშვილის, თქმით არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის - საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა და ქართული ოცნების კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვა.
ირაკლი ალასანიას თანაგუნდელის, ამირან გიგუაშვილის, მტკიცებით კობიაშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოში და ამიტომ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ ორგანიზაციამ ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის მიმართეს საჩივრით საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვეს კობიაშვილის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა. მივმართავ კომისიას, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და მოხსნას კობიაშვილი საარჩევნო რეგისტრაციიდან,"- განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
კობიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბრალდებებზე არ ისაუბრა.
