ჩვენს რეიტინგზე მუშაობს - ნათელაშვილი ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დახურვას ჰპირდება.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, საბანკო სესხს დავუწესებთ 7%-ს და, თუ ვინმე მეტს გასცემს, დაიხურება. სამუდამოდ აიკრძალება მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არ იარსებებს ონლაინ სესხები. ჩვენ ამას რომ გავაკეთებთ, მისი შემოსავლები შემცირდება. მთელი ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ოცნებას აფინანსებენ. იმდენად ძუნწია ეს კაცი, რომ თავის პარტიის დასაფინანსებლად მათ იყენებს. ეროვნული სტრატეგიული ღირსებები ხალხს დაუბრუნდება," - აცხადებს ნათელაშვილი.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ წლების განმავლობაში მასზე გაკეთებული განცხადებები ხშირად ლანძღვაშიც გადადის.
"ბატონ ბიძინას კრიტიკული, ზოგჯერ ლანძღვაში გადასული განცხადებები წარმოუდგენლად მოქმედებს ჩვენი რეიტინგის ზრდაზე. ის შეიძლება, ჩავთვალოთ ჩვენს კარგ პიარმენეჯერად. ჩვენს რეიტინგზე მუშაობს, რა თქმა უნდა. მისი სიძულვილი ჩვენს მიმართ მარტივი ასახსნელია. ჩვენ ვართ კლასობრივი მტრები, ის არის მქონებელთა კლასი, რომელმაც ბოლოს პოლიტიკური ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. მაგან იცის, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა მისი გაკოტრება და მისი თანამზრახველების გაშვება იქნება მომენტალურად და დაუყონებლივ შესრულებული," - აცხადებს ნათელაშვილი.
