ჯუანშერ ბურჭულაძემ მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ომში კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები.
საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-14 შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უმასპინძლა. მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა იმსჯელეს უკრაინის მოკლევადიან და გრძელვადიან საჭიროებებზე.
საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი და ავსტრალიის ვიცე-პრემიერი რიჩარდ მარლსი.
უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.