აშშ უკრაინისთვის დამატებით $1.3 მილიარდის შეიარაღების გადაცემას აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინას დამატებით გადასცეს $1.3 მილიარდის შეიარაღება. ინფორმაციას ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემებს. დამატებითი დახმარების გასაცემად აშშ-ი იყენებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის პროგრამას (USAI), რაც ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს შეიძინონ სამხედრო პროდუქციის მწარმოებლებისგან იმის ნაცვლად, რომ გამოყონ საკუთარი მარაგებიდან.
Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრნობით წერს, რომ დრონების საწინააღმდეგო სისტემები, რომელსაც უკრაინა მიიღებს, ავსტრალიური კომპანია DroneShield-ის წარმოებული იქნება.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 37,6 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.