თინა კანდელაკი: ეს ადამიანები სეირნობენ მოსკოვში, დადიან რესტორნებში იმ დროს, როცა მათი იარაღი კლავს რუსეთის არმიის ჯარისკაცებს
„ჩვენს გარშემო არის მტრები, დასავლეთის მხრიდანაც – ევროპული ქვეყნების ძალები და სამხრეთის მხრიდანაც – იარაღით სავსე თურქეთი. ასე იყო ყოველთვის, მაგრამ რუსეთს მეტის მოთმენა აღარ შეუძლია, წარსული გვაჩვენებს, რომ ამის მოთმენა არ შეიძლება. პრეზიდენტმა თქვა, რომ პასუხი იქნება. პრეზიდენტი ამას გააკეთებს“. ამის შესახებ ტელეგრამში რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი-პროპაგანდისტი თინა კანდელაკი წერს.
„როდესაც ისტორიკოსები მეორე ყირიმის ომის ისტორიას დაწერენ, ალბათ ახსნიან, თუ რას ნიშნავს ცნება „წითელი ხაზები“. ის წითელი ხაზები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში დასავლეთმა ან უკვე გადაკვეთა, ან ჯერ არ მიუახლოვდა, ან უკან დაიხია.
უპილოტო საფრენი აპარატები კრემლის თავზე, მკვლელობები რუსეთში, ბელგოროდის დაბომბვები, გვამების სპექტაკლი ბუჩაში, პრეზიდენტის დაკავების ორდერი, და ახლა ისევ ყირიმის ხიდი, და ისევ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა. და ისმის შეკითხვა – სად არის ის ხაზი, რომლის იქით ამოქმედდება მექანიზმი, და მტერს მტრის სახელი დაერქმევა? და ჩვენ გავიგებთ, რომ აღარ გვჭირდება ინგლისის, პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, სლოვაკეთის და ჩეხეთის, ხორვატიის, სლოვენიის, ბელგიის და სხვა ქვეყნების საელჩოები, რომლებიც სავსეა აგენტებით?
ეს ადამიანები დასეირნობენ მოსკოვის ქუჩებში, დადიან რესტორნებში, ხოლო ამ დროს მათი იარაღი რუსეთის არმიის ჯარისკაცებს კლავს. სად არის ის ხაზი, რომლის გადაკვეთისას ჩვენ ამას მოსკოვში აღარ ვიხილავთ?
„მე თავს ვიცავდი, ვიდრე ჩემი ღირსება ამის შესაძლებლობას მაძლევდა და ვიდრე ომის გარკვეულ საზღვრებს არ სცდებოდა. თქვენ კი, ნუთუ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს ზღვარი არ გადალახულიყო? როდესაც თქვენი უდიდებულესობა ჩემი მტრების მხარეს დადგა. ალბათ უმჯობესი იქნებოდა, რომ უფრო გულახდილად მოქცეულიყავით და ჩემთვის პირდაპირ ომი გამოგეცხადებინათ“, – მიწერა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა ნაპოლეონ მესამეს ყირიმის პირველი ომის დროს.
პრეზიდენტმა თქვა – პრეზიდენტი გააკეთებს. მან სწორი და დროული სიტყვები წარმოთქვა“, – წერს თინა კანდელაკი.
ცნობისთვის, 17 ივლისს ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რაშიც მოსკოვმა უკრაინული მხარე დაადანაშაულა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ამაზე პასუხს გასცემს და „თავდაცვის სამინისტრო შესაბამის გეგმაზე მუშაობს“.