2022 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის 260 810 მოქალაქე შემოვიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 7 953-ით მეტია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის 2022 წლის აგვისტოს სტატისტიკას.
საქართველოში შემოსულთა რაოდენობით პირველ ადგილს რუსეთის მოქალაქეები იკავებენ. ქვეყნების პირველი ექვსეული (და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსულთა რაოდენობა), რომელთა მოქალაქეებიც აგვისტოში საქართველოში შემოვიდნენ, ასეთია:
260 810 - რუსეთის მოქალაქე;
178 483 - სომხეთის მოქალაქე;
116 882 - თურქეთის მოქალაქე;
46 790 - ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქე;
43 562 - საუდის არაბეთის მოქალაქე;
29 546 - ისრაელის მოქალაქე;
28 885 - ბელარუსის მოქალაქე.
საქართველოს საზღვრის კვეთის მონაცემები პანდემიის დაწყებამდე, 2019 წლის აგვისტოს კი, ასეთი იყო:
287 374 - აზერბაიჯანის მოქალაქე;
252 857 - რუსეთის მოქალაქე;
249 690 - სომხეთის მოქალაქე;
180 895 - თურქეთის მოქალაქე;
79 037 - ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქე;
33 237 - უკრაინის მოქალაქე;
30 140 - ისრაელის მოქალაქე.
2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, 2022 წლის აგვისტოს საქართველოში რუსეთის 7 953 მოქალაქით მეტი შემოვიდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მონაცემებით, 2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე საქართველოში შემოსული პირებიდან, [31 ივლისის მდგომარეობით] ქვეყანა დატოვებული არ ჰქონდა რუსეთის 42577 მოქალაქეს.
ორგანიზაციამ დაითვალა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში დარჩენის მაჩვენებლები.
მათი კვლევით, 2022 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის მაჩვენებლებს შორის სხვაობით დგინდება, რომ საქართველოში შემოვიდა რუსეთის 49505-ით მეტი მოქალაქე, ვიდრე გავიდა ქვეყნიდან. ორგანიზაციის მიგნებით, ამ პერიოდში საქართველოში დარჩა ჯამურად 65 ათასამდე რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე.
ორგანიზაციის დათვლით, ამ წლის მარტ-ივნისში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთის 16476-ით მეტი მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 11531-ით მეტი მოქალაქე დარჩა.
ორგანიზაცია უთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემები არ იძლევა ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ასევე, IDFI-სთვის უცნობია, 1 თვეზე მეტი ვადით დარჩენილ რუსეთის მოქალაქეებს შორის რამდენი არის წარმოშობით საქართველოდან.