ბლინკენმა ლავროვთან საუბარში მოითხოვა "რეალური დეესკალაცია"
რუსეთი „უახლოეს დღეებში“ უპასუხებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინადადებებს უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განუცხადა სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სატელეფონო საუბარში, რომელიც სამშაბათს შედგა.
აშშ-მა და ნატომ ადრე რუსეთს გადასცეს პასუხი მის მოთხოვნებზე ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკმაყოფილება გამოხატა ამ პასუხებთან დაკავშირებით, მაგრამ ლავროვს დაავალა, გააგრძელოს დასავლეთთან მოლაპარაკებები.
რუსეთის მოთხოვნების განხილვა, რომელთა შორისაა ნატოში უკრაინის მიღებაზე უარის თქმა, მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში დაძაბულობის ზრდის ფონზე. როგორც ვაშინგტონის შეტყობინებაშია ნათქვამი ლავროვისა და ბლინკენის საუბრის შესახებ, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ კვლავაც შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთს „ნებისმიერ მომენტში“ შეუძლია დაიწყოს უკრაინაში შეჭრა და ის გამოვიდა მოწოდებით, მოხდეს ვითარების „რეალური დეესკალაცია“, რომლის შემოწმებაც იქნებოდა შესაძლებელი.
სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადეს, რომ დაიწყო უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, რაც, მათი თქმით, სამხედრო სწავლების დასრულებასთან არის დაკავშირებული. ნატოში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ მოიპოვება ჯარების გაყვანის თაობაზე დადასტურებული ინფორმაცია.
ბლინკენსა და ლავროვს შორის საუბრის შესახებ რუსეთის ცნობაში ნათქვამია, რომ, როგორც ლავროვმა აღნიშნა, „დაუშვებელია აგრესიული რიტორიკა, რომელსაც ვაშინგტონი და მისი უახლოესი მოკავშირეები აღვივებენ.“