მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია კომპრომისზე არ მიდის, ახალ დღის წესრიგზე უნდა გადავიდეთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას მოლაპარაკებების პროცესში არცერთი კომპრომისული ნაბიჯი არ გადაუდგამს და „მოგონილი კრიზისის“ დასასრულებლად „ახალ დღის წესრიგზე“ გადასვლაა საჭირო.
მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ შეთანხმების თანახმად, დეტალებზე ვერ ილაპარაკებდა, თუმცა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან „არცერთი კომპრომისული წინადადება და ნაბიჯი არავის უნახავს მოლაპარაკებების მაგიდასთან“. რაც შეეხება ხელისუფლების დათმობებს, მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა „უამრავი კომპრომისული ნაბიჯი, უამრავი კომპრომისული წინადადება, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო წასვლა“. კომპრომისის დეტალებზე ფრაქციის თავმჯდომარეს არ ულაპარაკია და თქვა, ევროპელ კოლეგებს ვთხოვთ, რომ გაუთქმელობის პირობა გადაიხედოს და მოგვეცეს საშუალება, ღიად ვილაპარაკოთო. მანამდე კი, თქვა მან, „პატიოსნად ვიცავთ პირობას და ვერ ვლაპარაკობთ დეტალებზე“.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მმართველი გუნდის წინადადებები ისევ დევს და ოპოზიციას ნებისმიერ მომენტში შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლაც შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი“, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.