ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პუტინს „ოდესმე აუცილებლად დაელაპარაკება“
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ოდესმე „აუცილებლად დაელაპარაკება“ ვლადიმირ პუტინთან. ასეთი მოკლე პაუხი გასცა აშშ-ის ლიდერმა შტატ ჯორჯიაში გამგზავრების წინ, ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, თუ რას ფიქრობს იგი პუტინის წინადადებაზე.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისურვებდა აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის გამართვას „პირდაპირ ეთერში, ონლაინ რეჟიმში".
პუტინის თქმით იგი მზად არის, რომ აშშ-ის პრეზიდენტსა და მას შორის ასეთი საუბარი 19 მარტს ან 22 მარტს, ორშაბათს გაიმართოს.
აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი პარასკევს ძალიან დაკავებულია და 19 მარტს პუტინთან მისი საუბარი ნამდვილად ვერ შედგებაო.
ამერიკელ კოლეგასთან პირდაპირი დიალოგის გამართვის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მოულოდნელი ინიციატივის ფონია მორიგი დაპირისპირება აშშ-სა და რუსეთს შორის.
17 მარტს ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში, დადებითი პასუხი გასცა ჟურნალისტის შეკითხვას მიაჩნია, თუ არა მკვლელად ვლადიმირ პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტის „მკვლელად“ გამოცხადებას მოჰყვა დემარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან.
ინტერვიუს შემდეგ სასწრაფოდ გამოიძახეს მოსკოვში კონსულტაციებისათვის აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი.
კრემლის პრესმდივნმა, დმიტრი პესკოვმა პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას უწოდა „უპრეცედენტო“ რამ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში და გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ რუსეთი „აბსოლუტურად მკაფიო“ პასუხს გასცემს აშშ-ის პრეზიდენტის ამ ნათქვამს.
მის მკვლელად გამოცხადებს გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინიც და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „აშშ-ის ტერიტორიების კოლონიალიზმი“ და იაპონიის ქალაქების ატომოური დაბომბვა შეახსენა.
აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ხელისუფლების შვიდ წარმომადგენელს მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაზვერვამ „დიდი ალბათობით“ დაასკვნა, რომ აგვისტოში ნავალნის მოწამვლასთან ფსბ-ს ოფიცრები იყვნენ კავშირში.
მას შემდეგ, რაც მოწამვლის გამო გერმანიაში მკურნალობის შემდეგ ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, ის აეროპორტში დააკავეს და სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ძველი ბრალდებით, რომლისთვისაც მას უკვე ჰქონდა მისჯილი პირობითი პატიმრობა.
რუსეთმა განაცხადა, რომ მოსკოვიც გეგმავს საპასუხო ზომებს აშშ-ის მოქალაქეთა მიმართ.