ლუკაშენკამ ოპოზიციურად განწყობილ ყოფილ ელჩებს დიპლომატიური რანგი ჩამოართვა
ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკაშენკამ დიპლომატიური რანგი ჩამოართვა საფრანგეთსა და პოლონეთში ბელარუსის ყოფილ ელჩს, პავალ ლატუშკოს და სლოვაკეთში ყოფილ ელჩს, იგარ ლაშჩენიას. ლუკაშენკას პრესსამსახურის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია სახელმწიფო დიპლომატიური სამსახურის რეპუტაციის შემლახავი ქმედებების გამო.
პავალ ლატუშკო ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრია, ხოლო იგარ ლაშჩენიამ ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს.
ლუკაშენკამ „მოვალეობის არასათანადოდ შესრულებისთვის“ თანამდებობიდან გაათავისუფლა ბელარუსის ელჩი ლატვიაში ვასილი მარკოვიჩი და დიპლომატიური რანგი ჩამოართვა.
ცოტა ხნის წინ, მარკოვიჩი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ლუკაშენკას განცხადების გამო, რომ ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ლატვიაც აფინანსებს.
ბელარუსში 9 აგვისტოდან მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ხელისუფლებიდან ლუკაშენკას წასვლის მოთხოვნით. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები, რომლებიც არაერთხელ სასტიკად დაარბიეს, არ აღიარებენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგს - ლუკაშენკას გამარჯვებას. მისი მთავარი მეტოქე სვიატლანა ციხანოუსკაია ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება. ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის მიზნით, ციხანოუსკაიას ინიციატივით შექმნილი საკოორდინაციო შტაბის პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობა ან დაკავებულია, ან იძულებული გახდა ბელარუსი დაეტოვებინა.