ბელარუსში, ციხეში მყოფი პოლიტტექნოლოგ ვიტალი შკლიაროვის მდგომარეობა „უკიდურესად მძიმეა“
ბელარუსული წარმომავლობის ამერიკელი პოლიტტექნოლოგი, ვიტალი შკლიაროვი, რომელიც ბელარუსში პატიმრობაში იმყოფება მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით, მინსკის საგამოძიებო იზოლატორში „უკიდურესი ფსიქოლოგიური ზეწოლის“ ქვეშ იმყოფება და „უდიდესი საფრთხე“ ემუქრება, - ამის შესახებ საუბარია შკლიაროვის ცოლის, დიპლომატ ჰეზერ შკლიაროვის მიერ 15 სექტემბერს, მედიით გავრცელებულ წერილში.
შკლიაროვი პოლიტკონსულტანტად მუშაობდა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლ ბერნი სანდერსის კამპანიებში, ხოლო რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქსენია სობჩაკის შტაბის კონსულტანტი იყო.
შკლიაროვი ბელარუსში ჯერ კიდევ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და საპროტესტო აქციების დაწყებამდე დააკავეს.
გამოძიება ცდილობს, შკლიაროვი დაუკავშიროს სიარჰეი ციხანოუსკის საქმეს, ცნობილი ბლოგერისა, რომლის ცოლი სვიატლანა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მთავარი მეტოქე იყო არჩევნებში.
თავად შკლიაროვი უარყოფს, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მუშაობდა.
„ვიტალის ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი და პოლიტიკის ანალიტიკოსი, თავის წერილებში პრეზიდენტ ლუკაშენკას ხელისუფლების აკრიტიკებდა“, - წერს ჰეზერ შკლიაროვი და დასძენს, რომ ვიტალი შკლიაროვის ჯანმრთელობაც საფრთხის ქვეშაა.
„ციხის ადმინისტრაცია უარს ამბობს ჩაუტარდეს მას ტესტირება COVID-19-ზე და არ მკურნალობს მის ციებ-ცხელებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო შეირყეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მიაღწიონ მისგან დანაშაულის აღიარებას“, - წერს ვიტალი შკლიაროვის ცოლი.