ტრამპმა კიმს მადლობა გადაუხადა ამერიკელი პატიმრების გათავისუფლებისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს მადლობა გადაუხადა პატიმრობიდან სამი ამერიკელის გათავისუფლებისთვის. „სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობდით, რომ ეს მოხდებოდა და ეს მოხდა“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონთან მდებარე ენდრიუსის საავიაციო ბაზაზე გამოსვლისას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პატიმრობიდან აშშ-ის მოქალაქეების გათავისუფლება სასიამოვნო ფაქტია მისი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მოლაპარაკების წინ, რომლისგანაც დიდ გარღვევას ელოდება. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კიმ ჩენს ინს სურს თავისი ქვეყანა რეალური მსოფლიოს ნაწილი იყოს. აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ენდრიუსის ბაზაზე დახვდნენ ფხენიანის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებულ სამ ამერიკელს. დონალდ და მელანია ტრამპები თვითმფრინავის ბორტზე ავიდნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ტრაპზე გამოჩნდნენ ყოფილ პატიმრებთან ერთად. აშშ-ის მოქალაქეები, წარმოშობით კორეელი კიმ დონ ჩული, ტონი კიმი და კიმ ჰაკ სონი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ 2015 და 2017 წლებში დააკავა დასავლეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ბრალდებებით. ფხენიანმა აშშ-ის სამი მოქალაქე 9 მაისს გაათავისუფლა. ისინი დაბრუნდნენ სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთად, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკების მოსამზადებლად. 9 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მოლაპარაკების დრო და ადგილი შეთანხმებულია. მედიასაშუალებებით გავრცელებული არაოფიციალური ცნობებით, შეხვედრა რამდენიმე კვირაში, სინგაპურში გაიმართება.