აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ფხენიანს ეწვია
9 მაისს, ფხენიანში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. მისი ვიზიტის მიზანია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრის მომზადება. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის სურვილია ფხენიანთან ერთად იმუშაოს კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ-ს იმედი აქვს, რომ მრავალწლიანი მეტოქეობის შემდეგ, ერთობლივი მუშაობით შეძლებენ კონფლიქტის მოგვარებას და შექმნას იმ შესაძლებლობებისა, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეელი ხალხი იმსახურებს. სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ 9 მაისს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება პატიმრობიდან გაათავისუფლებს აშშ-ის სამ მოქალაქეს. ბოლო ერთ თვეში მაიკ პომპეო ფხენიანს უკვე მეორედ ეწვია. აპრილის დასაწყისში გაიმართა მისი შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან.