სენატი: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედება პუტინის დაკვეთა იყო
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტმა დაასკვნა, რომ რუსეთის მთავრობასთან კავშირის მქონე ჰაკერებმა უპრეცედენტო და კოორდინირებული კამპანია აწარმოეს ამერიკული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ. სენატის კომიტეტმა 8 მაისს გამოაქვეყნა პირველი მოხსენების საჯარო ნაწილი, რომელიც შეეხება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას. დოკუმენტის თანახმად, არჩევნებზე ზეგავლენის კამპანია პირადად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკვეთა იყო და მიზნად ისახავდა დემოკრატიული პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შერყევას და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციას და მისი გამარჯვების შანსის შემცირებას. სენატის დაზვერვის კომიტეტის შეფასებითვე, მოსკოვი აშკარა უპირატესობას ანიჭებდა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს. სენატის კომიტეტმა ვერ აღმოაჩინა რუსი ჰაკერების მიერ კენჭისყრის შედეგების შეცვლის მტკიცებულებები, თუმცა, მიაკვლია საკმარის მტკიცებულებას იმისა, რომ რუსეთის მთავრობის მიზანი იყო ამერიკული საარჩევნო სისტემისადმი ნდობის შერყევა. აშშ-ის სპეცსამსახურების მონაწილეობით მომზადებული დოკუმენტის თანახმად, არჩევნებში ჩარევის კამპანიაში მონაწილეობდნენ რუსეთის სპეცსამსახურები და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები და ბლოგერებიც. მოხსენების მიხედვით, რუსმა ჰაკერებმა წარმატებით შეაღწიეს ამომრჩეველთა მონაცემების რამდენიმე ბაზაში, კიბერთავდასხმები კი მიმართული იყო სულ მცირე 18 შტატის წინააღმდეგ. სენატის დაზვერვის კომიტეტი აღნიშნავს, რომ შიდა უსაფრთხოების სამსახურმა და ფედერალურმა საგამოძიებიო ბიურომ შტატები გააფრთხილეს რუსეთისგან მოსალოდნელი ჩარევის შესახებ, თუმცა, მიღებული ზომები არასაკმარისი იყო. სენატორები აუცილებლად მიიჩნევენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საფრთხის მასშტაბის ადეკვატურად შეფასებას და კიბერთავდასხმებისგან დაცვის უფრო ძლიერი სისტემის შექმნას, მათ შორის იმის გაცილებით სწრაფად დასადგენად, თუ ვინ დგას ჰაკერების თავდასხმების უკან. დაზვერვის კომიტეტი ახალ კიბერთავდასხმებს არ გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ 2016 წელს განხორციელებული ქმედება იყო მომავალი თავდასხმების ტესტირება. რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევას უარყოფს. მოსკოვთან რაიმე შეთქმულებას კატეგორიულად უარყოფს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.