ევროპელი ლიდერები ადასტურებენ ირანთან შეთანხმებისადმი ერთგულებას
გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა ირანს მოუწოდეს, არ გადაუხვიოს ბირთვული პროგრამის შეზღუდვის თაობაზე 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა უარი თქვა ამ შეთანხმების შესრულებაზე. „ჩვენ ვთხოვთ ირანს, აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ თავშეკავება გამოიჩინოს“ - ნათქვამია ანგელა მერკელის, ემანუელ მაკრონის და ტერეზა მეის ერთობლივ განცხადებაში. გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენებით, ირანი შეთანხმების პირობებს ასრულებს. ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ტერეზა მეი თეირანს მიმართავენ, განაგრძოს ვალდებულებების შესრულება და თავის მხრივ, ადასტურებენ შეთანხმებისადმი ერთგულებას. გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ლიდერების განცხადებით, იმუშავებენ შეთანხმების სხვა მონაწილეებთან, რათა გაგრძელდეს დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების შესრულება. 8 მაისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს 2015 წლის შეთანხმებას, რომელმაც ირანს ეკონომიკური სანქციები შეუმსუბუქა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულებას უწოდა თავისი არსით დეფექტური და განაცხადა, რომ ირანი განაგრძობს ბირთვული იარაღის შექმნას. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს სურს ირანისგან მომდინარე ბირთვულ საფრთხეს მოუძებნოს რეალური და გრძელვადიანი გადაწყვეტა. ტრამპის ინფორმაციით, უახლოეს ხანში ვაშინგტონი კვლავ აამოქმედებს ეკონომიკურ სანქციებს თეირანის წინააღმდეგ. აშშ-ის გარდა, ირანთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმების მონაწილეები არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი.