ირანი ჯერჯერობით არ აპირებს ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ დიპლომატებს დაავალა მოლაპარაკება 2015 წლის შეთანხმების მონაწილე გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, რუსეთთან და ჩინეთთან იმის გასარკვევად შეძლებს, თუ არა თეირანი მათთან თანამშრომლობით შეინარჩუნოს სარგებელი. „თუ თანამშრომლობით მივაღწევთ საერთო მიზნებს, შეთანხმება ძალაში დარჩება“ - განაცხადა როჰანიმ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ თეირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს, თუ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა ირანის ეკონომიკას დააზარალებს. როჰანის განცხადებითვე, ტრამპს არ მისცემენ ფსიქოლოგიურ ომში გამარჯვების შესაძლებლობას. 8 მაისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს 2015 წლის შეთანხმებას, რომელმაც ირანს ეკონომიკური სანქციები შეუმსუბუქა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულებას უწოდა თავისი არსით დეფექტური და განაცხადა, რომ ირანი განაგრძობს ბირთვული იარაღის შექმნას. ტრამპის ინფორმაციით, უახლოეს ხანში ვაშინგტონი კვლავ აამოქმედებს ეკონომიკურ სანქციებს თეირანის წინააღმდეგ.