სენატი: რუსეთის მიზანი იყო ამერიკული საარჩევნო სისტემისადმი ნდობის შერყევა
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტმა დაასკვნა, რომ რუსეთის მთავრობასთან კავშირის მქონე ჰაკერებმა უპრეცედენტო და კოორდინირებული კამპანია აწარმოეს ამერიკული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ. სენატის კომიტეტმა 8 მაისს გამოაქვეყნა პირველი მოხსენება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, ჰაკერებმა წარმატებით შეაღწიეს ამომრჩეველთა მონაცემების რამდენიმე ბაზაში. სენატის დაზვერვის კომიტეტის დასკვნით, კიბერთავდასხმები მიმართული იყო სულ მცირე 18 შტატის წინააღმდეგ. კომიტეტმა ვერ აღმოაჩინა ჰაკერების მიერ კენჭისყრის შედეგების შეცვლის მტკიცებულებები, თუმცა, მიაკვლია საკმარის მტკიცებულებას იმისა, რომ რუსეთის მთავრობის მიზანი იყო ამერიკული საარჩევნო სისტემისადმი ნდობის შერყევა. სენატის დაზვერვის კომიტეტი ახალ კიბერთავდასხმებს არ გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ 2016 წელს განხორციელებული ქმედება იყო მომავალი თავდასხმების ტესტირება. კომიტეტმა დაადგინა, რომ რუსეთმა აშშ-ში 2014 წლიდან დაიწყო საარჩევნო პროცესისკენ მიმართული სადაზვერვო საქმიანობა, რომელიც გაგრძელდა 2016 წლის საპრეზიდენტი არჩევნების დღემდე. სენატის დაზვერვის კომიტეტი აღნიშნავს, რომ შიდა უსაფრთხოების სამსახურმა და ფედერალურმა საგამოძიებიო ბიურომ შტატები გააფრთხილეს რუსეთისგან მოსალოდნელი ჩარევის შესახებ, თუმცა, მიღებული ზომები არასაკმარისი იყო. სენატორები აუცილებლად მიიჩნევენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საფრთხის მასშტაბის ადეკვატურად შეფასებას და კიბერთავდასხმებისგან დაცვის უფრო ძლიერი სისტემის შექმნას, მათ შორის იმის გაცილებით სწრაფად დასადგენად, თუ ვინ დგას ჰაკერების თავდასხმების უკან. რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევას უარყოფს.