ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია
ნავთობის ფასი 2014 წლის ნოემბრის შემდეგ სარეკორდოდ გაიზარდა, რის ფონსაც ქმნის ირანთან შეთანხმების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მოლოდინი. ტრამპმა დღეს, ვაშინგტონის დროით 14 საათზე (საქართველოში 22 საათზე) უნდა გამოაცხადოს, გადის თუ არა აშშ 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. ინვესტორების უმრავლესობა მოელის, რომ აშშ გავა ამ შეთანხმებიდან, რასაც მოჰყვება ვაშინგტონის სანქციები ირანის ნავთობმრეწველობის სექტორისა და ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, ისევე როგორც თეირანთან ურთიერთობაში დაძაბულობის მატება. 7 მაისს ნიუ-იორკში 70 დოლარს გადააჭარბა ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა, რაც პირველად მოხდა 2014 წლის ნოემბრის შემდეგ. მაშინ, როცა ინვესტორები შეშფოთებული არიან ტრამპის სავარაუდო გადაწყვეტილების მოსალოდნელი შედეგების გამო, ირანის ნავთობმრეწველობის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მოელის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის გაგრძელებას იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ გავა შეთანხმებიდან. 2015 წლის ამ შეთანხმებით, რომელსაც ირანისა და აშშ-ის გარდა ხელი მოაწერეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა და რუსეთმა, ირანს შეზღუდული აქვს თავისი ბირთვული პროგრამა მისი საწინააღმდეგო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.