ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ კიმისა და ტრამპის დაგეგმილ შეხვედრამდე
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩინეთში შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩონ ინს ამ უკანასკნელის ამერიკელ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრამდე. ჩინელი და ჩრდილოეთკორეელი ლიდერების ამ შეხვედრაზე წინასწარ არაფერი იყო ცნობილი. მასზე 8 მაისს ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ თავის „მეგობარ“ სი ძინპინს დაელაპარაკება ჩრდილოეთ კორეის შესახებ. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა, როგორ სეირნობენ სი ძინ პინი და კიმ ჩონ ინი ზღვის ნაპირას ჩინეთის ქალაქ დალიანში. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, შეხვედრა გაიმართა 7 და 8 მაისს. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ 8 მაისს გაავრცელა ცნობა, რომ კიმმა ჩინეთის პრეზიდენტს გაუზიარა შეფასებები კორეის ნახევარკუნძულზე პოლიტიკური ვითარების შესახებ და მოუწოდა მას, რომ ორმა ქვეყანამ „მჭიდრო ურთიერთობა“ შეინარჩუნოს. ეს იყო ჩინეთში კიმ ჩონ ინის მეორე ვიზიტი მარტის შემდეგ, რაც მიჩნეულია ორი მხარის მცდელობად, გააუმჯობესონ ურთიერთობა. მოსალოდნელია, რომ ივნისში გაიმართება ტრამპისა და კიმის შეხვედრა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაზე მოსალაპარაკებლად. ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ მალე გამოაცხადებს, სად და როდის გაიმართება სამიტი.