100 ათასობით ოჯახი კომუნალური ვაუჩერის გარეშე დარჩა-საკრებულომ ცვლილებები დაამტკიცა
![](http://rustavi2.com/news_photos/40289_cover_b.jpg)
თბილისში რეგისტრირებული ასი ათასობით ოჯახი კომუნალური ვაუჩერის გარეშე დარჩა. მერიის მიერ ინიცირებული ცვლილებები ბიუჯეტში საკრებულომ დაამტკიცა. გადაწყვეტილების მიღებამდე კი სხდომაზე დებატები გაიმართა.
“დადგება ნოემბერი და ბევრი ადამიანი სწორედ არჩევნების შემდეგ გაიგებს, რომ მას აღარ აქვს ეს ვაუჩერი, მას არ აქვს ის 20 ლარი თვეში და ამას ძალიან მწვავედ მიიღებს რადგან ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარის რიმა ბერიძის თქმით, 2013 წელს ეს პროგრამა ამოქმედდა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ მოესყიდათ ხმები.
“ალბათ უხერხულია, რომ ვლაპარაკობ რეგრესზე ვლაპარაკობთ ვერაგობაზე, უხერხულია ლექსიკონიდან ამ სიტყვების მოშველიება. ზუსტად, რომ არ ყოფილიყო რეგრესი და რომ არ ყოფილიყო ვერაგობა ეს თემები დღეს ჩვენამდე არ მოვიდოდა. როცა შეწყვეტილი იყო ეს პროგრამა 2007 წლიდან 2013 წლამდე და ზუსტად 2013 წელს იქნა ამოქმედებული ეს პროგრამა, ზუსტად იმისათვის, რომ წინასაარჩევნოდ ხმების მოსყიდვა ყოფილიყო, ჩვენ არ გვინდა ამ კურსის განვითარება,“-აღნიშნა ბერიძემ.
ავტორი: ეკო მაღრაძე