აშშ-ს დაზვერვა საქართველოს მხრიდან დასავლური კურსის შესაძლო ცვლილებებზე საუბრობს
ამერიკული დაზვერვის ანგარიშში საქართველოს ევროინტეგარციისადმი გამოთქმულმა სკეპტიციზმმა თბილისში მწვავე რეაქცია გამოიწვია. საფრთხეების შეფასების ამერიკული დოკუმენტი, რუსული პროპაგანდის გაზრდის პარალელურად საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის შესაძლო შეჩერებაზე მიუთითებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ანგარიშთან დაკავშირებით ამერიკის ელჩის მოადგილე იმყოფებოდა, რომელმაც განმარტებები გააკეთა.
ამერიკის დაზვერვის სამსახურის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე რისკფაქტორი გამოყო.
„დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო ქართულ ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება და სულ უფრო მეტი ეფექტური რუსული პროპაგანდა, ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეაჩეროს. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზე დარჩება და ჩვენი შეფასებით, მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე, რომ ევროკავშირსა და ნატო-სთან ახლო ურთიერთობებზე უარი თქვას,“ - წერია ანგარიშში.
ოფიციალური თბილისის პოზიციით, ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, რომ მოხდეს პრევენცია იმ საფრთხეებისა, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
ავტორი: ნათია გოგსაძე.