მმართველი გუნდი პოზიციებს არ ცვლის - ხვალ პარლამენტი ვეტოს დაძლევას გეგმავს
"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებზე უმრავლესობა და ქვეყნის პირველი პირი მთავარ პრინციპზე ვერ თანხმდებიან.
მმართველი კოალიცია გადაწყვეტილებას არ ცვლის და ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას მხარს უჭერს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ცვლილებები ქვეყნის კონსტიტუციასა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.
საპარლამენტო ოპოზიცია კი უმრავლესობის ინიციატივას, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს გამოეყოს, მთავრობის მიერ საბანკო სექტორის გაკონტროლების სურვილით ხსნის.
ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი-დემოკრატები უკვე მუშაობენ და ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონპროექტზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
არგუმენტი ორივე პოლიტიკურ პარტიას ერთი აქვს, - კანონის მთავარი პრინციპი ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩარევას გულისხმობს, რითაც კონსტიტუცია ირღვევა.
პრეზიდენტის რიგით მესამე ვეტოს დაძლევას უმრავლესობა ხვალ აპირებს. მმართველ გუნდს კენჭისყრაზე 76 დეპუტატის მხარდაჭერა ჭირდება.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი